მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა და საქართველოში მყოფი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ სვობოდამ ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
"მე არ ვიცი იყო თუ არა ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა "მწვანეთა პარტიაში", რომელსაც მე ვეკუთვნი. თუმცა, თუ პირადად ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ, ვიტყვი რომ მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას", - აღნიშნა მან.
ევროპარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტი განიხილავს, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარმოადგინოს.
"ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის საჭირო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ტექნიკური ნაწილი დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, საბჭოში მიმდინარეობს, რომელსაც წევრი ქვეყნები წარმოადგენენ. მეორე მხრივ კი, ევროპარლამენტში. ახლა, პირველ რიგში, ეს საკითხი სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტის ხელშია. ამ კომიტეტმა ანგარიში უნდა წარმოადგინოს და პლენარულ სესიაზე უნდა მოხდეს მისი კენჭისყრა", - განაცხადა მან.