"ვიზა ლიბერალიზაცია არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან არჩევნებთან "

ევროპარლამენტარების აზრით, ვიზალიბერალიზაცია არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან არჩევნებთან.

ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, რომლებიც გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ თბილისში, ევოპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოულის შეფასებებს არ იზიარებენ.

როგორც მათ კურიერთან ექსკლუზიურად განაცხადეს, დოულიმ შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, საკითხი კი, მთლიანად ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.

ევროპარლამენტარების აზრით, ვიზალიბერალიზაცია არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან არჩევნებთან.

„ვფიქრობ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან დაგვეკავშირებინა, რადგან ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან წინასაარჩევნო და არჩევნების შემდეგ პროცესთან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხრივ და არაა დაკავშირებული იმასთან, ვინაა ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა მწვანეთა პარტიის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა პაველ სვობოდამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო განიხილება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ქვეყნად რეგიონში, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.

„იმედი მაქვს ახლა, როდესაც ევროკომისიამ წინადადება უკვე წამოაყენა, ევროპარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში პოზიტიური განწყობა იქნება. პოზიტიური განწყობა იქნება სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტში, რომელიც სავიზო საკითხებზე მუშაობს. შემდეგ, დებატები გაიმართება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და მსგავსი განწყობა შეიქმნება ევროპარლამენტშიც. ოფიციალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპის სახალხო პარტიას მოსაზრება არ დაუფიქსირებია, ასე რომ ჟოზეფ დოულიმ შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. საკითხი მთლიანად ევროპარლამენტმა და არა ევროპის სახალხო პარტიამ უნდა გადაწყვიტოს,“ – განაცხადა პაველ სვობოდამ.