სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა და მისმა მოადგილემ პაატა ბახტურიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც უნივერსიტეტში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ეჭვი გამოთქვეს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს.

შალვა საბაურის თქმით, უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას ოთხი საკითხის გამო ითხოვენ. ერთ-ერთი მათ შორის არის უნივერსიტეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. საბაური უნივერსიტეტში დიდი ფინანსურ დანახარჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რექტორის აპარატში 2015 წელს, ერთი წლის განმავლობაში, 596 ათასი ლარია გახარჯული.

"სწორედ ასეთმა დიდმა დანახარჯებმა უნივერსიტეტს შეუქმნა პრობლემა. სასწავლო წელი და საბიუჯეტო წელი ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, უნივერსიტეში გარდამავალი ნაშთი არსებობს იმისთვის, რომ იანვარ-თებერვალ-მარტში, როდესაც სტუდენტს სწავლის თანხა გადახდილი არ აქვს, ამ პერიოდში უნივერსიტეტმა არსებობა განაგრძოს. ეს თანხა ადრე 10 მლნ ლარზე მეტი იყო და ახლა 1 მლნ ლარამდე არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი შესაძლოა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეს. დღეს მივიღეთ ინფორმაცია რექტორატიდან რაღაც საკითხებზე არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. საბუთებით ეს მოგვარებულია. თუმცა, რა საჭიროა ქოთნის მცენარეების შესაძენად 920 ლარის დახარჯვა. სასაჩუქრე სუვენირებისთვის ჯამში გამოყოფილია 15 200 ლარი და სხვა", _ განაცხადა საბაურმა.

მისივე თქმით, სუვენირად შეძენილია რამდენიმე სურათი. ერთი სურათის ღირებულება 500 ლარის ოდენობითაა.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა საუბრისას რექტორის გადადგომის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად ასევე დაასახელა ის, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე რექტორს პასუხისმგებლობა არ აუღია. საბაურის თქმით, ნოემბრიდან მარტამდე "ოდეერის" ყოფნა უნივერსიტეტში სამართალდარღვევად წარმოჩინდებოდა და აღნიშნულის შესახებ რექტორს ინფორმაცია ქონდა.

პრესკონფერენციაზე საბაური უნივერსიტეტში შევარდანძისდროინდელი მაღალჩინოსნების არსებობის ფაქტსაც შეეხო. კერძოდ, შალვა საბაურმა დაასახელა კანცლერის მრჩეველი, პოლკოვნიკი ზურაბ კუბლაშვილი; პრორექტორის თანაშემწე პოლიციის პოლკოვნიკი მალხაზ ბაძაღუა, რომელიც შევარდნაძის დროს უშიშროებაში მუშაობდა. ავთანდილ ლომიძე, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ადმინისტრაციაში მუშაობდა და შევარდნაძისდროინდელი უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

"სია არის ძალიან გრძელი. ნელ-ნელა ინფორმაციას გვაწვდიან და გვაწვდიან. ჩვენ ოფიციალურ გამოთხოვას ვაკეთებთ, რომ დასაბუთებული ინფორმაცია გვქონდეს. როგორც გუშინ მოშიმშილე სტუდენტებს რექტორმა განუცხადა ავთანდილ ლომიძემაც დაწერა განცხადება და უნივერსიტეტი დატოვა. საბოლოო ჯამში შეუქცევადი პროცესი დაიწყო. შევარდნაძის წარმომადგენლები ნელ-ნელა ტოვებენ უნივერსიტეტს, რაც პოზიტიური ფაქტია, თუმცა ის მოთხოვნა რჩება, რომ მათი მფარველი რექტორი არის ამ ყველაფერში დამნაშავე, რადგან ამ ხნის განმავლობაში დიდი თანხები არის დახარჯული ამ ადამიანებზე", - განაცხადა საბაურმა.

სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა შიმშილობის აქცია არ შეწყდება, ვიდრე რექტორი არ გადადგება. სტუდენტების შიმშილობის აქციის გამო ისინი პასუხისმგებლობას რექტორს აკისრებენ.