ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობის წევრები ალბათ უნდა გაჩუმდნენ და დაეხმარონ კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს", რომ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის დამფუძნებლებს იმ საქმისთვის, რომელსაც საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, კერძოდ, რაჭის რეგიონში ახორციელებს.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გუნდის მოტივაცია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი მასშტაბი მიიღოს, დღეს არის გაათმაგებული. ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია. მოდელი, რომელიც თქვენ დანერგეთ არის ყველაზე თავსდებადი ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და თითოეული ადამიანის მოტივაციასთან, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული. ზუსტად ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და ამავე დროს იძლევა საშუალებას დაინერგოს საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები. ასევე იძლევა დაფინანსების და მასშტაბების ეკონომიის საშუალებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მესვეურებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.
კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" 2008 წელს ქართველი და შვეიცარიელი დამფუძნებლების მიერ შეიქმნა. კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი საკვები პროდუქტების წარმოება შვეიცარული სტანდარტის მიხედვით. კომპანიაში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 53 ადამიანს შეადგენს. კომპანია ხორცისა და რძის პროედუქტებს აწარმოებს და აქვს საკუთარი საფირმო მაღაზიები გახსნილი.