"ნაციონალური მოძრაობა" და "მონიტორინგის ცენტრის მედიატორი" მთავარ პროკურორს მიმართავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრის მედიატორი" მთავარ პროკურორს მიმართავს, დაინტერესდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის და პარლამენტის დეპუტატის შალვა კიკნაველიძის საქმეებით.

კერძოდ, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" კვლევის თანახმად, ამ პირებთან არის ფიქტიურად დადებული ხელშეკრულებები, კორუფციული სქემები და პოლიტიკოსების მოსყიდვა, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ არის კანონდარღვევა. საჩივარი, რომელიც პროკურორის სახელზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" ჩააბარეს, საუბარია ბანკი "ქართუდან" კრედიტის სახით აღებულ თანხებზე.

"მონიტორინგის ცენტრ მედიატორის" მიერ 2016 წლის მარტის თვეში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს და პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებს კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ჯამში მილიონ 500 ათასი ლარის კრედიტი აქვთ ბანკი "ქართუდან" აღებული, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს "ქართუ" ბანკიდან გამოტანილი აქვს 120 ათასი ამერიკული დოლარი, საიდანაც დაფარული აქვს 109 482 დოლარი, მაშინ როდესაც მათი ოჯახის შემოსავალი, როგორც 2016 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, 83 ათას ლარს შეადგენს. ასევე გიორგი კვირიკაშვილის გასავალს წარმოადგენს 10 000 ლარი, რომელიც შვილების სწავლაში გადაიხადა. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ვალი შეადგენს ორი ვალის შედეგად ჯამში 79 000 ამერიკულ დოლარს, რომლის ნაწილი 44 298 ამერიკული დოლარი გადაიხადა, გადახდილი თანხა ორჯერ ნაკლებია მის შემოსავალზე, რომელიც 2016 წლის დეკლარაციაშია აღნიშნული. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მინისტრს, სოზარ სუბარს ბანკი "ქართუდან" აღებული აქვს 140 000 აშშ დოლარი იპოთეკური სესხის სახით, მაშინ როდესაც ბანკი ოფიციალურად განმარტავს, რომ მხოლოდ კომერციული საქმიანობისთვის გასცემს სესხებს, მეტიც, ფიზიკურ პირებზე სესხებს საერთოდ არ გასცემს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის შალვა კიკნაველიძის "ქართუ" ბანკის ვალი შეადგენს 40 000 ამერიკულ დოლარს და მისი 2016 წლის დეკლარაციით ირკევევა, რომ ზუსტად 40 000 ამერიკული დოლარი დააბრუნა ვალის დასაფარად, აქაც იპოთეკურ სესხთან გვაქვს საქმე, რაც ყველაზე საინტერესოა, არანაირი პროცენტი არ დარიცხვია და ზუსტად იგივე თანხა დააბრუნა უკან, რამდენიც გამოიტანა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ გვაქვს საქმე ფიქტიურად დადებულ ხელშეკრულებებთან, კორუფციულ სქემებთან, პოლიტიკოსების მოსყიდვასთან", - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი მედიატორის" წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართეს. წერილის ავტორები მოითხოვენ შოთაძისგან, დაინტერესდეს აღნიშნული კვლევით და მოახდინოს სათანადო რეაგირება.