ჯოზეფ დოლის განცხადება არ მგონია

ჯოზეფ დოლის განცხადება არ მგონია "ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალური პოზიცია იყოს

ჯოზეფ დოლის განცხადება არ მგონია იყოს "ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალური პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფი "ევროპის სახალხო პარტიის" დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაველ სვობოდამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

"მან განცხადება გააკეთა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და შესაძლო ნეგატიურ პროცესებზე. ეს არ მგონია იყოს "ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალური პოზიცია. ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი არის ევროპარლამენტის და შესაბამისი კომიტეტების გადასაწყვეტი. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და მომავალ კვირებში იგეგმება პოზიტიური ანგარიშის გაკეთება საქართველოს შესახებ. ეს არის პირველ რიგში ტექნიკური პროგრესი. ევროკომისიამ უნდა განსაზღვროს ობიექტურად თუ რა სამუშაოები ჩატარდა ვიზალიბერალიზაციისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას", - განაცხადა სვობოდამ.

მსგავსი პოზიცია აქვს ევროპარლამენტარ ფრანჩესკა ბელტრაშესაც, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს საპარლამენტო არჩევნებამდე.

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროიცესში. დარწმუნებული ვარ ევროკომისია დადებით დასკვნას გააკეთებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს არჩევნებამდე. პირადად მე, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბელტრაშემ.

ევროპარლამენტარების განცხადებები ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

როგორც ცნობილია, "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.