უმჯობესია პროკურატურამ ჩემთვის პრეტენზიების წაყენების ნაცვლად გამოძიება აწარმოოს

უმჯობესია პროკურატურამ ჩემთვის პრეტენზიების წაყენების ნაცვლად გამოძიება აწარმოოს

პროკურატურამ, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააქილიკოს და მე პრეტენზიები წამიყენოს, უმჯობესია გამოიძიება აწარმოოს, - ასე პასუხობს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი პროკურატურის განცხადებას, რომელიც მის გაკითხვას ეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა განუცხადა, მან საგამოძიებო უწყებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროკურატურას არ უნდა გამორჩენოდა.

"როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის ლინკები მათთვის ცნობილია, იმიტომ რომ გამომძიებელმა ეს მიახლოებით მიმანიშნა. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგია – გამოიყენონ. თუ არ ჩათვლიან საჭიროდ – მაშინ, არ არის საჭირო ამაზე ჭორაობა და პოლიტიზირება, რომელიც უბრალოდ ნდობას უკარგავს პროკურატურას საზოგადოებაში ამ გამოძიების ჩატარების თაობაზე. ამ განცხადების მერე მე დავრწმუნდი, რომ პროკურატურა უფრო მეტად საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე პოლიტიკით დაკავებული", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ექსპერტის თქმით, პროკურატურა, რომ პოლიტიკითაა დაკავებული, ამის ერთ-ერთი ნიშანი მისი დაკითხვის ბოლო საათებიცაა.

"ჩემი 6 საათიანი დაკითხვის ბოლო 2 საათი გამომძიებელი ათანხმებდა პროკურორთან ჩემს კითხვებზე პასუხებს და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ჩემი პასუხები იყო ისეთი, რაც მათი თვალსაზრისით ვთქვი. ის, რომ მე გამიზნულად არ ვნახე ვიდეო, არ ნიშნავს, რომ ასეთი ვიდეოები არ არსებობს და მე ზუსტად ამაზე გავაკეთე აქცენტი. მე თუ არ ვნახე ეს სამართლებრივად, ეთიკურად იყო სწორი, მაგრამ პროკურატურამ ამის საფუძველზე არასწორი დასკვნები არ უნდა გამოიტანოს. მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი ვალდებულება მოვიხადე და ახლა პროკურატურის მხრიდან, იმის მაგივრად, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს გამოძიების მსვლელობაზე და ადამიანებს მისცენ მეტი სტიმული, რომ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა გამოძიება წარმატებით მიმდინარეობდეს, რეალურად ამის პოლიტიზირება ხდება", - განუცხადა ვანო მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს".

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ ვანო მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას გაირკვა, რომ ვანო მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას მსგავსი სახის ვიდეომასალა არ უნახავს.