ფილიპ ჰემონდი საქართველოს ეწვია

ფილიპ ჰემონდი საქართველოს ეწვია

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ეწვია. მინისტრს აეროპორტში საქართველოს ელჩი ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დახვდნენ.

"ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მკაფიო მხარდამჭერია, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან დიდი დახმარება აღმოუჩინა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა მეტი ბრიტანული ინვესტიცია საქართველოში, იმის კვალობაზე, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში "ბრიტიშ პეტროლიუმის" საქმიანობა არის უაღრესად წარმატებულად შეფასებული", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით კი, ეს ჰემონდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ფილიპ ჰემონდი ასევე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

მინისტრი სიტყვით გამოვა "სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა" ფორუმზე", დაესწრება მარინა ციციშვილისთვის ბრიტანეთის სამეფო ორდენის გადაცემის ცერემონიას და ეწვევა კომპანია BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობას.

საქართველოში ვიზიტზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და როგორც წარმატების მაგალითს რეგიონში.