რუსეთმა შესაძლოა, თურქეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქციის შეტანა აკრძალოს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა, სერგეი დანკვერტმა განაცხადა.
"ჩვენ იძულებული გავხდებით დავაწესოთ შეზღუდვები თურქეთიდან მცენარეული პროდუქციის შემოტანაზე. ეს შესაძლოა ერთ თვეში მოხდეს", - განაცხადა დანკვერტმა.
მისივე თქმით, ადრე, როდესაც საუბარი იყო აკრძალვაზე, თურქული მხარის წარმომადგენლები რუსეთში მოლაპარაკებებისთვის ჩადიოდნენ, ახლა კი მხოლოდ წერილებით შემოიფარგლებიან, სადაც აცხადებენ, რომ დარღვევების გამოსასწორებლად "მაკორექტირებელი ზომები ჩაატარეს".
"მაგრამ, ბაზარი ჩვენია, თქვენ კი უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ეს ზომები საკმარისია. მათ კი ამის გაკეთება ვერ შეძლეს", - განაცხადა დანკვერტმა.
რუსეთმა თურქეთიდან 2016 წლის პირველი იანვრიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.