ჩემთვის გაურკვეველი დარჩა, სუს-ი რუსეთთან მიმართებაში რამე ფორმით საქმიანობს თუ არა

ჩემთვის გაურკვეველი დარჩა, სუს-ი რუსეთთან მიმართებაში რამე ფორმით საქმიანობს თუ არა

ჩემთვის მართლა გაურკვეველი დარჩა, უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით საქმიანობს თუ არა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ანგარიშს ისმენენ.

"დღეს მთელ მსოფლიოში საუბარია რუსული რბილი ძალის მოქმედებაზე და იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მან მოუტანოს არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. შესაბამისად, ჩემთვის სრული გაურკვევლობა რჩება, ამ ანგარიშში როგორ ვხედავთ რუსეთს და საერთოდ, ხედავთ თუ არა რაიმე პოტენციურ საფრთხეს ამ ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე ისაუბრა, ე.წ. ოდეერების საკითხის განსახილველად დახურული სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე.

"დიდი მადლობა, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რამდენად კარგი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მათი შესრულების მიზნით. კერძოდ, როდესაც მივიღეთ კანონი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, ჩვენ ვითხოვდით რაოდენობას, რამდენი ასეთი ოფიცერი მუშაობდა შსს-ში და ეს რაოდენობა არ მოგვეცით, არ გქონდათ დათვლილი. თქვენ დღეს ამბობთ, რომ თსუ-ში იყო და მერე აღარ იყო, ეს ინფორმაცია თუ ღიაა, ჩვენ მინიმუმ უნდა გვქონდეს საჯარო ჩამონათვალი, სად არსებობდნენ და დღეს სად არ მუშაობენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს იმის იმედი და ხედვა, რომ ვიღაც ბოროტად არ სარგებლობს და არ ქმნის იმ განცდას, რომ ამ ქვეყანაში პოლიციური სახელმწიფოა. რაღაცნაირად უნდა დასრულდეს ის გარემოება, რაც დღეს არის და განცდა, რომ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ მაღალი რისკის ობიექტებს, ისევ არსებობენ ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრები. ეს უნდა დასრულდეს სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით და იმით, რომ დამაჯერებლად გამოიყურებოდეს თქვენს მიერ გატარებული ღონისძიებები. თუ თვლით, რომ ეს ნაწილიც დახურულ ფორმატში უნდა მოგვაწოდოთ, კი ბატონო, მოგვაწოდეთ დახურულ ფორმატში. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს დახურული სხდომა ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა თამარ კორძაიამ.