სახელმწიფოს ინტერესში არ არის, მოსმენების

სახელმწიფოს ინტერესში არ არის, მოსმენების "გასაღები" 132 პროვაიდერს ჰქონდეს გადანაწილებული

სახელმწიფოს ინტერესში არ არის, მოსმენების "გასაღები" 132 პროვაიდერს ჰქონდეს გადანაწილებული, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი არ იზიარებს კამპანია "ეს შენ გეხებას" სულისკვეთებას, რომ ისევ გვისმენენ.

"საჭიროა ძალიან კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან კრიტიკული მედია, მაგრამ განსხვავებული აზრი მაქვს, მაგალითად, მოსმენების თემაზე არსებულ კამპანიაზე. ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, შევქმენით სისტემა, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია ნებისმიერი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას სჭირდება. ეს არის განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც გვაქვს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ პროვაიდერებს გადაეცეთ ეს საშუალება. ისინი ვერ დახარჯავენ შესაბამის თანხას, რათა ტექნიკურად აღჭურვონ თავიანთი დაწესებულება და ვინც ვერ დახარჯავს, უნდა გავიდეს ბაზრიდან. 4-5 მსხვილი პროვაიდერი არაპროფილურიცაა და სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა არ შეიძლება გადაერთოს მათი მომსახურების ფორმატში. არ მომწონს, როცა ადამიანებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ისევ გვისმენენ, ისევ გვითვალთავლებენ. "ისევ" რას ნიშნავს - რაც იყო, იგივე სისტემა გვაქვს დღეს? ვფიქრობ, ეს არაობიექტურია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების თემას და აღნიშნა, დღესაც, ისევე როგორც წამების კადრების გავრცელებისას, კითხვები ისმება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა კადრები ეთერში, ხოლო თავად ამ სისტემის შექმნელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ეს შენ გეხებას" აქციაში მონაწილეობენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.