საქართველოს საგარეო უწყება პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანში, ქ. ლაჰორში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 27 მარტს პაკისტანის ქ. ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომელსაც 70-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს  ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო  უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პაკისტანში, ქალაქ ლახორში, თვითმკვლელი ტერორისტმა ქალაქის ცენტრში, ბავშვთა სათამაშო მოედანთან ახლოს მდებარე პარკში თავი აიფეთქა, რასაც 70 ადამიანის, მათ შორის 30 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქების შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გამოცემა „Deutsche Welle“-ს ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ პაკისტანის ფრთამ - დაჯგუფება „ჯამაათ ულ-ახრარმა“ აიღო.

თალიბების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აფეთქება სპეციალურად ქალაქის ქრისტიანებით დასახლებულ ნაწილში მოხდა.

აფეთქების ადგილას ადგილობრივი ქრისტიანები, ოჯახებით აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პაკისტანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.