ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ექსპერტებმა რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება და ამ კონფრონტაციის ესკალაციის შესაძლებლობები განიხილეს.
მათ ასევე განიხილეს ის პერსპექტივები, რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრედერიკ სტარი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე რუსეთსა და თურქეთ შორის მიმდინარე კონფლიქტის გავლენა აშკარაა. მიმდინარე პროცესების გადალახვას მისი აზრით, აშშ-ის ლიდერობა სჭირდება.
"დღეს, ამერიკისთვის იშვიათი შესაძლებლობაა, პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვა უზრუნვლყოს. ის მთელს კავკასიას გვერდში უნდა დაუდგეს: სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვას განიცდის, საქართველოს აშფოთებს ტერიტორიების დაკარგვა, აზერბაიჯანს კი სურს, შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაიმკვიდრა მსოფლიოში. ყველაფერი ეს ახლა საფრთხის ქვეშ არის”, - აცხადებს ფრედერიკ სტარი.
ექსპერტები თვლიან, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მოწყვლად სიტუაციაშია. ამ გარემოებას კი ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ამ ეტაპზე, აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდია და საზოგადოების ინტერესი მთლიანად გადატანილია ამერიკის შიდა მოვლენებზე.
ფრედერიკ სტარი შიშობს, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს.
“საქართველო ყოველთვის განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს. მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთნა ხდება. ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. ეს განცხადება კი ჩემთვის ნამდვილი გაფრთხილება და სიგნალია. 2008-შიც ასე იყო, ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. დღეს, საარჩევნო წელი გვიდგას - ბრიუსელი, ვაშინგტონი, ისე კარგად ვეღარ ახდენს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს”, - განმარტავს სტარი.
ცენტრალური-აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, სვანტე კორნელის განცხადებით კი, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა არასტაბილურობა შესძინა მთელს რეგიონს.
"რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება უშუალო გავლენას ახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, საქართველოსთვის ეს პროცესი უფრო ზოგადი ხასიათისაა. თუმცა არ არის გამორიცხული მოსკოვი დაინტერესდეს, რათა პრობლემები შეუქმნას საქართველოს სატრანზიტო კორიდორს ან მის დასავლურ მისწრაფებებზე იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს, თუმცა ვფიქრობ, უფრო ფრთხილად, ვიდრე მანამდე. ასევე ფაქტია, რომ ის დღეს ნაკლებად აქტიურობს ამ მიმართულებით და ფიქრობს, რომ რუსეთის ინფილტრაციისა და პროპაგანდის თავისუფლად შემოტევის განეიტრალებას უფრო მეტი საფასური აქვს, ვიდრე პირიქით. ჩემი აზრით, ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს. თბილისმა, ამასთან, დასავლეთს უფრო ნათლად უნდა აუხსნას როგორ ხედავს ამერიკის, დასავლეთის მონაწილეობას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, - აღნიშნავს სვანტე კორნელი.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, გიორგი მჭედლიშვილის თქმით, ვითარება ყოველ ზაფხულს დაძაბულია და რისკი ყოველთვის არსებობს.
"განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2016 წელი, ისევე როგორც 2008 წელი არის ამერიკის პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წელი, ე.წ. lame duck, როდესაც ის პოლიტიკურად სუსტია და ქვეყანაში მთელი პოლიტიკური დისკურსი გადატანილია არჩევნებზე, ანუ შიდა და არა საგარეო საკითხებზე. ამ ფაქტით რუსეთმა სამწუხაროდ ისარგებლა 2008 წელს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ამის შესაძლებლობა ძალიან მაღალია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თურქეთთან კონფლიქტი, რუსეთთს დამატებით ნოყიერ ნიადაგს აძლევს, რომ გააძლიეროს თავისი პოზიციები კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში", - აცხადებს მჭედლიშვილი.