კურტ ვოლკერი - ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა,

კურტ ვოლკერი - ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, "ისლამური სახელმწიფოს" ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს

ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, "ისლამური სახელმწიფოს" ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ამიტომაც მის მოსაშორებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - "ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რუსეთს სურს სირიაში ბაზების შენარჩუნება, დამასკოს რეჟიმთან და ირანის ხელისუფლებასთან ურთიერთობები, ამით კი ახლო აღმოსავლეთის პროცესებში გავლენის ხაზგასმა. 

"პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის შიგნით რეიტინგის ზრდა სწადია, რასაც აღწევს კიდეც ქვეყნის გარეთ ძალის დემონსტრირების ხარჯზე. თუ აშშ-ს სირიიდან ბაშარ ასადის წასვლა სურს, მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის. მე ვერ ვხედავ ვაშინგტონის მონდომებას რუსეთი შეაჩეროს სირიის მოვლენებში ჩაურევლობისგან, პირიქით ჩვენ თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთს ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მივცეთ. ამ ეტაპზე, კონფლიქტის ესკალაცია და ექსპანსია სახეზეა გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული გადასახედიდან და ეს დინამიკა შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. მე ვერ დავიჯერებ, რომ მოსკოვს სირიაში იგივე სურს, რაც ჩვენ. აშშ-ი არც ევროპას ეხმარება მიგრანტთა კრიზისის დაძლევაში, რაც პირდაპირი გამოძახილია ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვისაც. აშშ-ს პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ ევროპაში ტერორიზმის გავრცელების საფრთხე მოისპოს და ამისთვის ყველანაირად დავეხმაროთ ევროპას", - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ თურქეთის ინტერესები ასევე გამოკვეთილია და ხშირად მისი მიზნები რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის. 

"თუმცა ვაშინგტონმა უნდა აღიაროს, რომ თურქეთი ბევრად ესადაგება მის ინტერესებს, ვიდრე მოსკოვის ქმედებები. და ბოლოს, რჩევის სახით, ვიტყვი: უნდა ვაღიაროთ, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, "ისლამური სახელმწიფოს" ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასადის მოსაშორებლად. ზოგადად, ამ პროცესებში პასიურ მხარდაჭერას აქტიური ჩართულობა უნდა ვარჩიოთ, სიტუაცია კი შესაძლოა მხოლოდ ჩვენი მიდგომის ცვლილებით დარეგულირდეს. რაც შეეხება დიპლომატიურ დარეგულირებას, ჯერ ამ პროცესზე აქტიურად არ უნდა ვიმუშაოთ, თავდაპირველად მნიშვნელოვანია ადგილზე გარკვეული წარმატება ვიხილოთ", - აღნიშნა კულტ ვოლკერმა.