ხვალ დიდმარხვის მეორე კვირიაკე აღინიშნება

ხვალ დიდმარხვის მეორე კვირიაკე აღინიშნება

დიდმარხვის მეორე კვირიაკე, ხვალ, "სინათლის მქმნელთა მარხვათა" სახელწოდებით აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საკვირაო წირვას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

ხვალ ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც სახურავიდან ჩაუშვეს.

დიდმარხვის მესამე კვირიაკეს კი ჯვართამაღლება აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ხვალ, ასევე თესალონიკელი მღვდელმთავრის წმ. გრიგოლ პალამას ხსენების დღე აღინიშნება. იგი მე-14 საუკუნეში მწვალებლობის, მართლმადიდებლობის არასწორად სწავლების, კერძოდ, კათოლიციზმის წინააღმდეგ გამოდიოდა.

1328-30 წლებში, ანდრონიკე III პერიოდში, პაპის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, კალიბრიიდან კონსტანტინეპოლში მეცნიერი ბერი ბარლაამი ჩავიდა. მან მოჩვენებითად მართლმადიდებლობა მიიღო, ბერად აღიკვეცა და მონასტრის იღუმენიც კი გახდა. ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც მივიდა, სადაც ისიხასტი ბერების სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო.

ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ თავდაპირველად სიტყვიერი შეგონებით მიმართა ბარლაამს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი, ცნობილი "ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად" (1338).

1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული "წმიდა მთის ტომოსი". კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლმა ბარლაამს სიტყვიერ პაექრობა გაუწია, რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა, ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.