გაერო-ს სამშვიდობო მისიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განაცხადა, რომ მათ გაერო-ს მშვიდობისმყოფელების, სხვა ძალებისა და სამოქალაქო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ბრალდებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ Washington Post-ი იტყობინება.
როგორც გაერო-ს მისიაში აცხადებენ, საუბარია კემოს პრეფექტურაში 2014 და 2015 წელს მომხდარ შემთხვევებზე. მათივე განცხადებით, გაერო სასწრაფოდ გაგზავნის ადგილზე ჯგუფს, რომელიც ბოლოს გავრცელებულ ბრალდებებს გამოიძიებს და მსხვერპლის დახმარებას უზრუნველყოფს. ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს კი გაუზიარებენ იმ ქვეყნებს, რომელთა სამხედროებისა და მოქალაქეების მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა დანაშაული, ისინი ასევე აღნიშნულ ქვეყნებს ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების თხოვნით მიმართავენ.
"ამ დროისთვის ჩვენთვის მთავარია, რომ ვუზრუნველყოთ მსხვერპლის დახმარება და გამოძიება დაიწყოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ", - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.
როგორც გაერო-ს პრესსპიკერი აცხადებს, ბრალდებული პირების ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.
გაერო-ს მისიაში მონაწილე სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ამ დრომდე არაერთხელ დაადანაშაულეს. ერთ-ერთი ბოლო ცნობა თებერვლის დასაწყისში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნების ძალადობაში ქართველ და ფრანგ სამხედროებსაც ადანაშაულებდნენ.