პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა უარი განაცხადა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბელგიის პროკურორებმა განაცხადეს. 

აბდესლამმა, რომელიც ბრიუსელში გასულ კვირას დააკავეს, დაკითხვისას დუმილის უფლება გამოიყენა. იგი ბრიუსელის თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. აბდესლამი პარიზის ტერაქტების შემდეგ ბელგიაში დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იმალებოდა. იგი დაკავების დროს დაიჭრა, რის გამოც მკურნალობის კურსს გადის. 

პარიზში გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ თავდასხმებს 130 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში განხორციელებულ თავდასხმებს კი ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ტერაქტის სერიაზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიაში სპეცოპერაციები ტარდება, რის შედეგადაც გუშინ 9 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ცნობით, ეძებენ ორ ტერორისტს, რომელმაც აეროპორტსა და მეტროში თავდასხმები განახორციელა.