რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ 22 წლის უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გაიცვალოს რუსეთის ორ მოქალაქეზე, რომლებსაც უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ჟურნალისტების კითხვაზე ივანოვმა განაცხადა, რომ თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ორი პირობის შესრულების შემთხვევაში. პირველყოვლისა, მთლიანად უნდა იყოს დაცული რუსეთის კანონმდებლობა და მეორე - გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
ამასთანავე, ივანოვმა გამორიცხა სავჩენკოს გაცვლა მინსკის შეთანხმებების ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ყველა სამხედრო ტყვის გაცვლას გულისხმობს.
პუტინის ადმინისტრაციის უფროსმა დააზუსტა, რომ გაცვლა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ყველა მისი შესაძლო მონაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები იქნება გამოტანილი.