ხანძრის შემდეგ პირველად სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 16:00 საათზე, საღამოს ლოცვა ჩატარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა.
მამა იოანეს თქმით, ხარების ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა. ამჯერად ახალგაზრდული ცენტრის იატაკის დასუფთავება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად დაზიანებულ ადგილებში ელექტროენერგიის მიწოდებაც ნაწილობრივ აღდგა.
არქიმანდრიტის განცხადებით, დღეს მომლოცველებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისვლა და საღამოს ლოცვაზე დასწრება შეუძლიათ. ხვალ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღამოს ლოცვაზე სამების ტაძარში მიბრძანდება. პატრიარქი საკვირაო წირვასაც სამების ტაძარში აღავლენს.
მამა იოანის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ჯერ ცნობილი არ არის და მას ექსპერტები დაადგენენ.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ასევე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი სამების ლავრაში არსებული სტამბის საწყობში.
"ცეცხლის გამოწვევის მიზეზად ელექტროენერგია თითქმის გამორიცხულია. საკუთარი ძალებით, მოხალისეების ძალისხმევით ვალაგებთ ტერიტორიას", _ აღნიშნა მამა იოანემ.
სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ლავრაში მომლოცველების შესვლა შეზღუდული იყო.