საქართველომ 2008 წელს ომის შემდეგ ქუვეითის სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება არ უნდა დაივიწყოს

საქართველომ 2008 წელს ომის შემდეგ ქუვეითის სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება არ უნდა დაივიწყოს

ქუვეითის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გამართულ შეხვედრებზე ბიზნესფორუმების გამართვის შესაძლებლობებზე იყო საუბარი.

"ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ქუვეითის პოლიტიკური ლიდერები საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ძალიან სერიოზულად უდგებიან. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვიფიქრებთ ბიზნესფორუმების გამართვაზე, სადაც ადგილობრივ ბიზნეს-წრეებს გავაცნობთ ჩვენს პოტენციალს. საინტერესოა ისიც, რომ ტურისტთა რაოდენობა ბოლო 4 წელიწადში ათჯერ გაიზარდა, ეს თავადაც ძალიან მისასალმებელ მოვლენად მიაჩნიათ. ასე, რომ ჩვენი ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო ახალ დონეზე გადავა, ამის ყველა წინაპირობა გვაქვს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ არ უნდა დაივიწყოს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქუვეითის სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება.

"ჩვენ, ქართველები განსაკუთრებით მადლიერი უნდა ვიყოთ ქუვეითის მიმართ, ვინაიდან მათ 2008 წელს ომისგან უკიდურესად შეჭირვებულ საქართველოს 14 თვითმფრინავით გამოუგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. მათი ეს ჟესტი ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენც გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე და ვიცით, რომ ძალიან სერიოზული პოზიციები აქვს არაბულ სამყაროში",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და ქუვეითის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან გამართავს.

"ჩვენ ხვალ გავაგრძელებთ შეხვედრებს, გვექნება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფთან. ქუვეითში პარლამენტი საკმაოდ მძლავრი და ძალიან აქტიური ინსტიტუტია. ხშირად არის ხოლმე ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ არის ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც დამახასიათებელია არა მხოლოდ ევროპისთვის უკვე. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო, სასარგებლო ვიზიტი სრულდება ქუვეითში",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ქუვეითის სახელმწიფოს ემირ შეიხ საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰთან, ქვეყნის პრემიერ მინისტრ შეიხ ჯაბერ ალ მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰთან და ყოფილ პრემიერ მინისტრ შეიხ ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰთან გამართა.