გიორგი მარგველაშვილი:  ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ

გიორგი მარგველაშვილი: ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ

ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას აქტიურად ადევნებს თვალს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს გამოძიებას. ვურთიერთობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. მოგახსენებათ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებითაც და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებს მოუწოდა, ითარგმნოს კარასანის განცხადებები და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეაფასა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა. მისი თქმით, დასანანია რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია.

"მე არ მგონია, რომ ამ კრიტიკულმა მიდგომამ და დასკვნამაც კი ეჭვქვეშ დააყენოს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი – არჩევნები, რაც ქვეყნის პოლიტიკური ლეგიტიმაციის ყველაზე კარგი გამოხატულებაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.