ახალი საპენსიო რეფორმის თანახმად, დღეს არსებული სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა.
მან დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება და მომავალ პენსიონერებთან ერთად, დღეს არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"ერთი კომპონენტი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ, ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში. ანუ ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, ანუ დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად, პენსიონერი ინფლაციური მოვლენებისგან დაუცველია და არ არსებობს მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება, რაც არსებული პენსიონერების უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, სოციალური პენსიის მინიმალური ზრდა დამოკიდებული იქნება ინფლაციაზე, თუმცა მხოლოდ ინფალციასთანაც არ იქნება ინდექსირებული.
"ანუ მინიმუნ ინფლაციასთან იქნება ინდექსაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი, იმ წელს ინფლაციაზე გაცილებით მეტი მიეცემა პენსიონერს ზრდის თვალსაზრისით პროცენტულად. იმ შემთხვევაში როდესაც იქნება მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა, მაშინ მინიმუმ ინფლაციის დონით გაიზრდება პენსია. ანუ სოციალურად ბევრად უფრო დაცული ხდება არსებული პენსიონერი და ინფალციას არ ექნება ისეთი მტკივნეული გავლენა, როგორიც შეიძლება დღეს ჰქონდეს", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.