დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებული პენსიონერების უკეთ დაცვასაც უზრუნველყოფს

დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებული პენსიონერების უკეთ დაცვასაც უზრუნველყოფს

დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებული პენსიონერების უკეთ დაცვასაც უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა.

მან დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.

"ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ, ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში. ანუ ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, ანუ დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად, პენსიონერი ინფლაციური მოვლენებისგან დაუცველია და არ არსებობს მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება, რაც არსებული პენსიონერების უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე კომპონენტი ეხება მომავალი თაობის პენსიონერებს, რაც მდგომარეობს კერძო დაგროვებითი მოდელის დანერგვაში, რომლის აპრობირებული მოდელი და ბევრ ქვეყანაში მუშაობს.

"ვფიქრობთ, რომ საქართველო განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, სადაც მნიშვენლოვანია მსგავსი სისტემის არსებობა. იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფრო მაღალი საპენსიო შემოსავალი და ასევე, ისინი არ იყვნენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე დამოკიდებულები მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად მუდმივი საპენსიო ცხოვრების დაგეგმვის შესაძლებლობა. ზუსტად ამას სთავაზობს ჩვენი მოდელი", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

ძიძიკაშვილი ვარაუდობს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან მოხდება.

"თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდგენაირი - მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს საპენსიო ფონდში და ამის წახალისების მიზნით დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხმების ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მათ დაერიცხებათ მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად მთლიანი დანაზოგები. მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ექნება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა დამსაქმებლებთან კომუნიკაცია შედგება და ეს მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ხარჯი, არამედ ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის დამატებითი კომპონენტების დაწესება, ასევე აღსანიშნავია, რომ 2 %-იანი თანამომაწილეობა არის მცირე, არ მოიცავს დიდი ფინანსურ რესურს და აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება გარკვეული წნეხის მატარებელი", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.