თსუ-ს პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს

თსუ-ს პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს. მესამე დღეა, რაც თსუ-ს 5 პროფესორი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერის მიზნით შიმშილობდა. მათი სახელით შიმშილობის შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებთან თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზოლდა ჭილაძემ ისაუბრა.

როგორც ჭილაძემ აღნიშნა, დღეიდან პროფესორები დროებით წყვეტენ შიმშილობას, რადგან სტუდენტების ორივე მხარემ თსუ-ს პირველი კორპუსი დატოვა. სტუდენტების ნაწილს რექტორის გადადგომის მოთხოვნა აქვს, თუმცა დიალოგზე, კონსტრუქციულ ქმედებებზე თანხმდებიან. იზოლდა ჭილაძის შეფასებით არ შეიძლება ახლა რექტორი გადადგეს.

"მე არ ველოდი, რომ ახლანდელ ახალგაზრდობას, განსაკუთრებით თვითმმართველობას არ ესმის კანონიერი რჩევები, რომ რექტორის გადადგომა არაფერს შველის, პირიქით, ეს უფრო ამძიმებს და გაუგებარს ხდის პროცესებს. დიდი ალბათობაა, რომ შემდეგ განვითარდეს სრულიად ქაოსური, არაორგანიზებული და გაუგებარი პროცესები", - განაცხადა იზოლდა ჭილაძემ.

მისივე თქმით, თუ ახალგაზრდებს გარე ძალები კიდევ წააქეზებენ და ისევ დაიწყებენ რადიკალურ ქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ პროფესორებმა შიმშილობა განაახლონ, ან "უარესი რაღაც მოხდეს".