პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თითოეული გამოთქმული სიტყვა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეფორმები გატარდა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.
"მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო, ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ სპეკულაციებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში, პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმებისა და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ "მათზე აგდებით ვისაუბროთ".
"ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ აგდებით ვისაუბროთ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები და გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია, უპირველეს ყოვლისა, ასუსტებს სახელმწიფოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.