"აუდიტორია N115"-ის წევრების ინფორმაციით, თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. ამის შესახებ თსუ-ის პირველის კორპუსის წინ გამართულ აქციაზე "აუდიტორია N115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "აუდიტორია N115" მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.
"ამ მიზნით უახლოეს დროში შემუშავდება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმოდგენილი პირი "აუდიტორია N115"-დან. აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენს საგანმანათლებლო პროცესს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, 19 მარტს, 18:00 საათზე "აუდიტორია N115"-ის წევრები ისევ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.
"თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშერკულების გაფორმება სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.