აქციის მონაწილე სტუდენტებმა მოძრაობა "აუდიტორია N115" დააფუძნეს. ამის შესახებ გუშინ საღამოს, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გამართულ აქციაზე "აუდიტორია N115" -ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
"თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები, ასევე პროტესტის სხვა მონაწილეები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას "აუდიტორია N115", რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება. აუდიტორია N115" შექმნის თსუ-ს რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი სტუდენტები და რექტორები "აუდიტორია N115"-ის მოძრაობიდან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტომონიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესურის მაქსიმალური მონაწილეობით. ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ ამ დროისთვის ჩვენი მთავარი რადიკალური მოთხოვნაა არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, აქციის მონაწილე სტუდენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება: მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია განათლების კანონში ცვლილებების შეტანის გზით.
"საკანონმდებლო ცვლილებები აკადემიური საბჭოს გარდა უნდა შეეხოს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივცრის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან. "აუდიტორია N115" მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამ მიზნით უახლოეს დროში შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმოდგენილი პირი "აუდიტორია N115"-დან. აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენს საგანმანათლებლო პროცესს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.