ვლადიმერ პაპავამ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა რამდენიმე წუთში დატოვა

ვლადიმერ პაპავამ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა რამდენიმე წუთში დატოვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ხვდება. შეხვედრა განათლების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

აუდიენციას თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა, მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრო. მან შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლადო პაპავას სხვა შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული. შეხვედრას სენატის სპიკერი და აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებიან.

"არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ეს უკეთესი მდგომარეობა შესაძლებელია გადაიზარდოს ან უარეს მდგომარეობაში ან - პირიქით, წავიდეს განმუხტვისკენ. სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი დღევანდელი შეხვედრისაც, რა ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ პროცესები წავიყვანოთ სიტუაციის დეესკალაციისკენ. ამიტომ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობა სტუდენტების მოთხოვნის შესაბამისად უკვე დაიწყო. ასევე ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ვფიქრობ, უშუალოდ საბჭოს სალაპარაკოა, რადგან საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც როგორიც არის რექტორის ყოფნის თუ არ ყოფნის საკითხი. ბოლოს და ბოლოს ეს არის საბჭო, რომელმაც დამოუკიდებლად დემოკრატიული არჩევნებით აირჩია ბატონი ლადო პაპავა. ამიტომ, პრინციპში დღის წესრიგში გადაუწყვეტელ საკითხად დღესდღეობით ეს დგას. ვიცი და სავსებით ვიზიარებ ბატონი ლადო პაპავას პირად გადაწყვეტილებას, რომ ის ვალდებულია დარჩეს ან განმუხტოს სიტუაცია, თუმცა აუცილებელია, მოვისმინოთ იმ ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრება, რომლებიც ასევე არიან ჩართული ამ პროცესებში. მე ვფიქრობ, მათ ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ამ საქმეში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.