პროკურატურა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობას უახლოეს მომავალში გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ალექსანდრე პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და ის ინტენსიურად მიმდინარეობს. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.
"უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად. რაც შეეხება კვალიფიკაციას, როგორც საზოგადოებამ იცის, საქმეზე ერთხელ უკვე შეიცვალა კვალიფიკაცია და 117 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-5 ნაწილზე. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი საფუძველი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები საქმის გადასაკვალიფიცირებლად", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურისგან "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობას დაუყოვნებლივ მოითხოვს.
როგორც ლევან სამუშიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვინაიდან ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი, მათ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის საშუალება არ ეძლევათ.
ადვოკატის თქმით, ალექსი პეტრიაშვილის საქმეთან დაკავშირებით პროკურატურის ქმედებამ უკვე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.