"აუდიტორია 115"-ის წევრები პრემიერს თსუ-ში მიმდინარე მოვლენებში ჩართვისკენ მოუწოდებენ

"აუდიტორია 115"-ის წევრები პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, ჩაერთოს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებში.

როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრმა, სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, არსებობს პროვოკაციების რისკები.

"ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ვიღაცები გეგმავენ # 115 აუდიტორიისკენ დაძვრას. აქ მყოფებს არავის არ ეშინია, ყველა მტკიცედ დგას. პრემიერ მინისტრს მოვუწოდებთ, მისი გუშინდელი განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებს სტუდენტების უსაფრთხოების დასაცავად, ეს იყოს უზრუნველყოფილი. მოვუწოდებთ უნივერსიტეტში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და მინისტრ მღებრიშვილს, რომ ძალიან მკაცრად გააკონტროლონ უნივერსიტეტის შემოსასვლელები. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ შემოჭრას აპირებენ, მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში ახლა ავტორიტეტი აღარავინ აღარ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობაში მხილებულ ადამიანებთან კომუნიკაციას. იმისთვის, რომ სიტუაცია დალაგდეს, უნივერსიტეტში აუცილებელია სერიოზულმა ავტორიტეტის მქონე ადამიანმა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა გვითხრას ის, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტუდენტი გამოდის ინიციატივით, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდეს აკადემიური საბჭოს წევრებს, რექტორს, განათლების მინისტრს და მიიღონ ანტიკრიზისული წინადადება, რათა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სტაბილურობისკენ შეიცვალოს.