ქურთები ჩრდილოეთ სირიაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფედერალიზმის გამოცხადებას გეგმავენ. ამის შესახებ "ალჯაზირა" იტყობინება.
სირიელი ქურთი და პარტია "ქურთების დემოკრატიული კავშირის" ყოფილი ლიდერი იდრის ნასანი აცხადებს, რომ ფედერალიზმის გამოცხადება ჩრდილოეთ სირიაში მათი თვითმმართველობის კიდევ უფრო გაფართოებას ნიშნავს. მისივე თქმით, ფედერალიზმის გამოცხადებისთვის მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
როგორც "ალჯაზირა" წერს, ეს ნაბიჯი თურქეთისთვის შემაშფოთებელი იქნება, ვინაიდან ანკარას ეშინია, რომ სირიელი ქურთების ავტონომიის გაფართოება თურქეთში მცხოვრებ ქურთებზე ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ პარტია "ქურთების დემოკრატიული კავშირის" წარმომადგენლები სირიის საკითხზე ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს. აღნიშნულ პარტიას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისევე, როგორც თურქეთში მოქმედ "ქურთისტანის მუშათა პარტიას".