პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამომზეურება არ შეიძლება ვინმესთვის კარგი ყოფილიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების საკითხს გამოეხმაურა.
"ჩემი აზრით, პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება ამის იქნება ისეთი, რომელიც რაღაცა დონეზე უფრო პოლიტიკურ კონსოლიდაციასთან და საერთო შეხების წერტილების პოვნასთან იქნება დაკავშირებული და არა ოპონენტების პოლიტიკური მოტივების ძებნასთან იმასთან მიმართებაში, თუ ვისთვის იყო კარგი ასეთი კადრების გამომზეურება. კარგი არ შეიძლება ეს ვინმესთვის ყოფილიყო - არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის, მითუმეტეს, ხელისუფლებისთვის და არც ჩემი ოპონენტებისთვის არ მემეტება, ძველი თუ ახალი მოვლენების გამო ბრალდების წაყენება მის გამო, რომ მათი პოლიტიკური ინტერესი შეძლებოდა ამ კადრების გამომზეურებაში ყოფილიყო. რეალობა არის ის, რომ ჩვენი ვალდებულებაა ამ პროცესს სამართლებრივად მივუდგეთ და არავითარ შემთხვევაში ეს არ გახდეს პოლიტიკური შეფასებების და მითუმეტეს, კატეგორიული შეფასებების საგანი რადგან ეს არის სწორედ იმ ადამიანების მიზანი, ვინც გასააჯაროვეს ეს კადრები და საჯარო ინტერესს, საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, პირადი ცხოვრების დაცვა-დაუცველობის წინაშე კითხვის ნიშნები დააყენეს. ჩვენ კარგად უნდა მივხვდეთ იმ ადამიანების საჯარო მოტივს და მის რეალიზებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ", - განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა რომ ამ საკითხში ყველასგან ელოდება უფრო მეტ სოლიდარობის გრძნობას და არა მტყუან-მართალის გარკვევას.
"ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ გავქვს ერთიანი მორალური სტანდარტები და ღირებულებები და ვინც ასეთ მეთოდებს იყენებს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად, ის ყველას მტერია. ის არის მთლიანად საქართველოს მტერი და მისი მიზანი ყველა იმ ღირებულების და ფასეულობის ჩამონგრევაა, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებ ყველას - საზოგადოებას, ყველა ჩემს თანამებრძოლსა და ოპონენტს, ვიყოთ ამ საკითხებში სოლიდარულები და ეს ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესის პოზიტიურ დასრულებას", - განაცხადა ფოფხაძემ.