ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ულიტიმატუმის საპასუხოდ, ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.
„უნივერსიტეტი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რექტორის გადადგომა კიდევ უფრო დაამძიმეს ვითარებას, ამიტომ პოზიცია ურყევია. ჩვენ ყველას უნდა გვეყოს გონიერება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტუდენტებს, რომლებიც აყენებენ ჩემი გადადგომის მოთხოვნებს ძალიან უყვართ უნივერსიტეტი და მხოლოდ უნივერსიტეტისთვის სასიკეთოს გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს შეუნარჩუნებს უნივერსიტეტს სტაბილურობას, ხოლო მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მე მზად ვარ, ნებისმიერ კრიტიკულ თემაზე, რაც აწუხებთ სტუდენტებს, აწუხებს სანივერსიტეტო საზოგადოებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.
დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. რექტორის განცხადებით შეხვედრა უწმინდესის თხოვნით შედგა და რექტორმა მას უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება გააცნო. რექტორის თქმით პატრიარქი მოუწოდებს სტუდენტებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სურვილის შემთხვევაში დღეს საღამოს 18:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
„ეს შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი, მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, რა მდგომარეობაა, და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, სტაბილობისადმი, განვითარებისადმი, ახალგაზრდებისადმი, სტუდენტებისადმი“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.