სანამ ვიდეო კადრების შემქმნელი და გამავრცელებელი არ გამოვლინდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

სანამ ვიდეო კადრების შემქმნელი და გამავრცელებელი არ გამოვლინდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მანამ, სანამ გამოძიებული არ იქნება ვინაა გავრცელებული ვიდეო კადრების შემქმნელი და გამავრცელებელი, ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ბევრმა ისაუბრა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე და ისმის ბრალდებები, ცილისწამებები. მინდა ვთქვა, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ხდებოდა პირადი ცხოვრებაში ჩარევა.

შევარდნაძის დროსაც ხდებოდა, შემდგომაც ხდებოდა და ახლაც ხდება. განსახვავება არის ის, რომ ტექნიკური შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო იხვეწება და დღეს იმდენი შესაძლებლობაა, რაც ნამდვილად არ იყო 2012 წლამდე", -განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, სპეცსამსახური რომ ასეთი რამით კავდებიან, ესეც ყველა ქვეყნის რეალობაა, ამიტომაცაა ლაპარაკი მის რეფორმირებაზე და არა გაუქმებაზე.

"მაგრამ განსხვავება არის იმაში, თუ როგორც ხდება ამ კადრების გამოყენება. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს შანტაჟთან. სანამ თქვენ, უმრავლესობა და მთავრობა არ დაამტკიცებთ ვინმე იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს მსგავსი შანტაჟით დაკავებული, მანამ თქვენი ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები ამ მორალურ ტერორში მონაწილეობაა. სანამ ამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.