ხელისუფლების მოვალეობაა, მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას

ხელისუფლების მოვალეობაა, მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას

ხელისუფლების მოვალეობაა, მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის განცხადებით, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია, სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ კარასინის განცხადებას მკაფიო გზავნილი უნდა შეაგებოს.

მისივე თქმით, ყველაფერი აზრს კარგავს, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნის ოფიციალური პირი ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს სამოქმედო გეგმას უდგენს.

"პუტინმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მისთვის ჩვეული ცინიზმით განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვარდებოდა. იგივე რიტორიკას კარასინი აგრძელებს, რომელსაც ოფიციალური სტატუსი დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა. მათ თავად მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპანტ ქვეყანას, რომ გველაპარაკოს როგორც ბატონი ყმას. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში პროცესების წამყვანი რუსეთია, ხოლო საქართველო ნომინალური ფუნქციების მქონე. კარასინს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში, შევახსენებ, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროატლანტიკური საბჭოსკენ ურყევია. ჩვენი ქვეყნის მომავალი რუსულ ორბიტაზე არასდროს დაბრუნდება.

ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას, რადგან ჩვენი ხალხის არჩევანი თავისუფლებაზე გადის და არა მონობაზე", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში მთავარ საფრთხედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და "აშკარად მზარდ ანტირუსულ რიტორიკას" მიიჩნევს. შესაბამისი კომენტარი მან პრაღაში, ქართულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

"დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის.

ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა კარასინმა.