სერგო რატიანი:  ის, რაც თსუ-ში ხდება, პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ხდება

სერგო რატიანი: ის, რაც თსუ-ში ხდება, პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ხდება "ქართულ ოცნებაში"

ის, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ხდება "ქართულ ოცნებაში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა შიდა დაპირისპირებები, რომელსაც პროცესები ძალიან ცუდი გზით მიჰყავს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. დღეს, ივანიშვილის მიერ დაპირებული მე-4 საუკეთესო წელს ხდება ის, რომ თსუ გუშინ დაარბიეს, მისი ავტონომია შელახულია და სტუდენტებისა და პროფესორების უმრავლესობა დაუცველია.

შემაფოთებელია, როცა რექტორი აცხადებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციაში "ოდეერი" მუშაობს და მთელ პროცესებს ის მართავს. შემაშფოთებელია, როდესაც სტუდენტებს, რომლებსაც "ოდეერის" არსებობას აპროტესტებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ", -განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა სტუდენტების დაპირისპირების შესაჩერებლად.

"ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უნივერსიტეტის ავტონომია იყოს დაცული, სტუდენტები იყვნენ დაცულები. დღეს თსუ - ში ხდება ის, რაც ხდება "ქართულ ოცნებაში" - შიდა დაპირისპირებები", - აღნიშნა რატიანმა.