ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი – დედა აღარ ჰყავს! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ხელშია.
როგორც ჯაფარიძემ სესიაზე განაცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემა ორ პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა, ამაზე პასუხისმგებლობა კი, ჯაფარიძის აზრით, ორივემ უნდა აიღოს.
"ჩვენ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკს ვხედავთ, რომლებიც ერთამენთს ადებენ ხელს – ერთი აბრალებს მეორეს, რომ ასეთი ვიდეოების გადაღება მის დროს ხდებოდა, მეორე ამბობს, რომ ასეთი გადაღება ახლაც ხდება და ასევე ხდება მისი გამოქვეყნება. საბოლოოდ, ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა, სადაც ორი პოლიტიკური ძალა ერთამენთის მაქსიმალურად გაშავებას ცდილობს. ცოტა თუ საუბრობს იმის შესახებ, რამხელა საფრთხეა ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. არსებობს თუ არა იმის მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერები შეიძლება არსებობდეს აბსოლუტურად ყველაზე, ვინც ამ ქვეყნაში ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკას გაკარებია?! მგონია, რომ არსებობს! არსებობს თუ არა საკმარისად მაღალი ალბათობა იმისა, რომ ეს ჩანაწერები უკვე დიდი ხნის განმავლობაში რუსული სპეცსამსახურების ხელშია?! სავარაუდოდ, ასეთი მაღალი ალბათობა არსებობს! არსებობს თუ არა მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველოში წელს, მომავალ წელს, ხუთი წლის მერე, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომლის შესახებაც ასეთი ჩანაწერები არსებობს და ეს ჩანაწერები შეიძლება იყოს ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ხელში?! – სამწუხაროდ, ასეთი ალბათობა არსებობს და ძალიან მაღალი! მწარე რეალობა არის ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი – რეალურად დედა აღარა ჰყავს! ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ორივე მხარეს. რა ეკონომიკა უნდა განვითარდეს ქვეყანაში, როცა ამ მხრივ არის სრული ბარდაგი", - განაცხადა ჯაფარიძემ.
დეპუტატის თქმით, ფარულად ჩაწერილი ვიდეოები "ჰაერიდან არ გაჩენილა" და უნდა დადგეს ყველა იმ კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამაზე მუშაობდა. ჯაფარიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, საქმე დროულად გამოიძიოს და "მომავალ თაობებს ქაქი არ დაუტოვოს".
"არსებობენ ადამიანები, რომელიც ამ ვიდეოებს იღებდნენ, კამერებს ამონტაჟებდნენ, იყო ტექნიკურად აღჭურვილი განყოფილებები, რომ ასეთი რაღაცეები გაეკეთებინათ. ასეთი რაღაცეების გაკეთება ხომ რიგით ადამიანს არ შეუძლია?! – ამას სჭირდება აღჭურვა. რატომ გახდა პრობლემა ამ ადამიანების პოვნა და მათი დასჯა?! რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს ასეთი საქმების გამოძიებას?! მესმის, რომ ამტვირთავის პოვნა შეიძლება იყოს ძალიან რთული და ამისთვის საჭირო გახდეს დასავლეთის ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურების ჩართვა, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ ვიპოვოთ ადამიანები, რომელიც კონკრეტულ განყოფილებებში მუშაობდნენ, ჰქონდათ ტექნიკური აღჭურვილობა და იღებდნენ დავალებებს", - განაცხადა ჯაფარიძე.