ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ აკადემიური საბჭოს წევრმა რამაზ ქურდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, განცხადებას, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს 11 ადამიანი აწერს ხელს, საბჭოში კი სულ 15 წევრია.
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ, რათა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ სავალალო შედეგებამდე. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა არა მარტო დაუზუსტებელი, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელი განცხადებები, მძიმე ბრალდებები წაუყენეს როგორც რექტორს, ასევე ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეებს და კანცლერობის კანდიდატს, გამოითქვა სერიოზული და უაპელაციო ურთიერთბრალდებები, რაც დანაშაულია. სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს უნივერისტეტის და მისი მმართველი ორგანოების პარალიზებას, მიუღებელია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე მორალური ზეწოლა. მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პროფესურას თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან. ორივე სტუდენტური აქციის სტუდენტები ჩვენი სტუდენტები არიან. ვალდებული ვართ მოვუსმინოთ ყველას, გავითვალისწინოთ მათი კონსტრუქციული მოსაზრებები და მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან", - აღნიშნულია თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაში.