პროკურორი:  ირაკლი ფხალაძის სახლიდან ფარული ჩანაწერები ამოვიღეთ

პროკურორი: ირაკლი ფხალაძის სახლიდან ფარული ჩანაწერები ამოვიღეთ

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის სახლის ჩხრეკის შედეგად ფარული ჩანაწერები ამოიღეს.

რაც შეეხება ზურაბ ჯამალაშვილს, როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯამალაშვილთან მიმართებაში დასტურდება "ამ ჩანაწერების ფლობა, თუმცა არა დაკავების მომენტში".

პროკურორის განმარტებით, ჯამალაშვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლეპტოპი და სხვა ნივთები ექსპერტიზაზეა გადაცემული და ის დაადგენს, ჰქონდა თუ არა მას ჩანაწერები, "ვინაიდან, შესაძლოა, წაეშალა".

კოტრიკაძის თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულთაგან არც ერთის მხრიდან არ იკვეთება ბრალეულობა ვიდეომასალების ატვირთვასთან დაკავშირებით. ასევე პროკურორის განცხადებით, ჯამალაშვილის შვილს, რომელიც ცნობილი ჰაკერია, საქმესთან კავშირი არ აქვს.

ლაშა კოტრიკაძის მტკიცებით, საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირთან - ინგა ჩატოიანთან დაკავშირებით პროკურატურა უახლოეს პერიოდში შეჯერდება და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებით მიმართავს, თუმცა რა მოთხოვნა ექნება პროკურატურას, არ დაუკონკრეტებია.

პროკურორის თქმით, საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესახებ საუბარი არ შეუძლია, თუმცა ადასტურებს, რომ საქმეს ახლავს როგორც ნივთიერი, ასევე ვიდეომტკიცებულებები.

ფარული ვიდეოჩანაწების შენახვა-გავრცელების საქმეზე, ბრალდებულებს ირაკლი ფხალაძეს და ზურაბ ჯამალაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.