ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი დაკავებულია რუსული პროპაგანდისა და მისი სახელმწიფო დაფინანსების კოორდინაციით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კანდელაკმა აღნიშნა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გამოავლინა და წარმოადგინა ის ზიანი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას აყენებს სხვადასხვა სფეროში, ამ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების სფეროში.
"ცოტა ხნის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი მუშაობდა საბჭოთა კავშირის "კაგებეს" ნომენკლატურაში, კერძოდ, ის იყო კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უშიშოების სამსახურს საკუთარ განცხადებაში ეს ფაქტი არ უარყვია, გამოდის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა, იყო "კაგებეს" თანამშრომელი და უდიდესი ალბათობით დღეს ოკუპანტ სახელმწიფოზე მუშაობს", - განაცხადა კანდელაკმა.
როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სწორედ მირიან მჭედლიშვილია დაკავებული რუსული პროპაგანდისა და მისი სახელმწიფო დაფინანსების კოორდინაციით, რომლებიც ავრცელებენ ამ შხამს - ანტიდასავლურ და მაშასადამე, ანტიქართულ პროპაგანდას.
"სწორედ ეს მედიასაშუალებები, რომელთა ნაწილი პირდაპირაა დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან, აქტიურობდნენ რამდენიმე დღის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში. ის, რომ ამ მედიასაშუალებებს სახელმწიფო აფინანანსებს დაადასტურა ასევე სულ ცოტა ხნის წინ ევროპის საბჭომ და ეს საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში აღნიშნა", - განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, მჭედლიშვილი ბანკ "ქართუში" მუშაობდა და პირადადაა ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
"ამ სიბინძურის გავრცელების ერთ-ერთი მიზანი ცხადია არის ყურადღების გადატანა იმ სიტუაციიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა, რომ არ იყოს საუბარი იმაზე, თუ რა დღეში ჩააგდო მან ეკონომიკა, თუ როგორ ჩაუძვრა იგი ჯიბეში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუ როგორ გაზარდა გაჭირვება, როგორ არ გახსნა 100 ქარხანა, თუ როგორ არ გაანახევრა მან ტარიფები", - განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პოლიციის გაუქმება, რომელიც არის სუს-ის შემადგენლობაში, მოხდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის აღდგენა. კანდელაკის განცხადებით, ამ და სხვა რეფორმებსაც გაატარებს ახალი მთავრობა ოქტომბრის შემდეგ ყოველგვარი შურისძიების გარეშე.
გარდა ამისა, გიორგი კანდელაკი დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წვერს მიხეილ მაჭავარიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი იყო ასევე კომპარტიის რაიკომის ინსტრუქტორი და 1989 წლის 9 აპრილის მერე გორკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში წავიდა.
"მე ვფიქრობ. ასეთ პიროვნებებს არ აქვთ მორალური უფლება ილაპარაკონ ადამიანის უფლებებზე", - დასძინა კანდელაკმა.