ტერიტორიული მთლიანობა იქნება ის საფუძველი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება რუსეთთან ურთიერთობის სრული ნორმალიზება

ტერიტორიული მთლიანობა იქნება ის საფუძველი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება რუსეთთან ურთიერთობის სრული ნორმალიზება

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობის სრული ნორმალიზება, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მიიჩნევს, რომ საქართველოში ანტირუსული რიკორიკა გაიზარდა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა არსებული განწყობების შესახებ საუბრისას საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება.

"ზუსტი განცხადება არ მომისმენია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ალბათ, საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე - რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში მთავარ საფრთხედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და "აშკარად მზარდ ანტირუსულ რიტორიკას" მიიჩნევს. შესაბამისი კომენტარი მან პრაღაში, ქართულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

"დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის.

ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა კარასინმა.