პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს.
,,კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში, ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიოტრიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ დღეს მთავარი საფრთხეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკა. მისივე თქმით, ანტირუსული რიტორიკა ისმის თბილისშიც და საერთაშორისო პლატფორმებზე.
"დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის.
ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა კარასინმა.
გრიგორი კარასინის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.