რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებაა.
ამის შესახებ გრიგოლი კარასინმა პრაღაში, კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„სავარაუდოდ, ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფიური მიდგომების ეტაპობრივი შეცვლაა - უფრო მეტი კონსტრუქციულობისა და ხალხთა შორის ურთიერთოებების გაღრმავების მიმართულებით. რაღაც საკითხებში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, შევძელით შედეგების მიღწევა. ურთიერთობა გამოვიდა კონფრონტაციის რეჟიმიდან, რაც სააკაშვილის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. ვცდილობთ, მივაღწიოთ შედეგებს სხვა პრაქტიკული მიმართულებითაც. დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. თუმცა ყველაზე მეტად, საწყენია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ",- აღნიშნა კარასინმა.