საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე უმკაცრესად უნდა დასჯილიყო და ეს იქნებოდა პრევენცია, რომ შემდგომში სხვათა დაშანტაჟება არ მომხდარიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძე საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა.
გიორგი ბარამიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტების აღასკვეთად აუცილებელია, ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ხელისუფლებამ თავზე ხელი კი არ გადაუსვას და უბრალოდ სამსახურიდან კი არ უნდა გაათავისუფლოს, როგორც ეს გელა ხვედელიძესთან მიმართებაში გააკეთეს, არამედ უმკაცრესად უნდა დასაჯოს.
"როცა ლაპარკობთ, რომ ეს არ არის სისტემური დანაშაული, სწორედ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირმა (აბა, მინისტრის მოადგილე ვინ არის) ჩაიდინა ეს თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და ის უნდა ყოფილიყო თავიდანვე უმკაცრესად დასჯილი და ეს იქნებოდა პრევენცია, რომ ამის შემდგომ აღარ ყოფილიყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი 2"-ის, ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას და სხვების დაშანტაჟება და ის ამაზრზენი ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა. აი, ასე უნდა მიუდგეთ და ასე უნდა ვებრძოლოთ ამ სწორედაც სისტემურ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გია ბარამიძემ.