ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანია "მაესტრო 24" მაუწყებლობას "მ 24"-ის სახელწოდებით გააგრძელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, "მ ინვესტმენთან" გააფორმა ხელშეკრულება და ტელეკომპანია "მ 24" მაუწყებლობას ძველი შენობიდან განახორციელებს.
ბაჩო კიკაბიძე მარეგულირებელი კომისიისთვის უკვე სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს.
რაც შეეხება თანამშრომლებს, კიკაბიძის განმარტებით, "მ 24"-ში იმუშავებენ ისინი, ვინც "მაესტროდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, ლევან გაჩეჩილაძის სარჩელის საფუძველზე ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება ”მაესტროს” გამოყენების უფლება აუკრძალა. კიკაბიძე აღნიშნული სახელწოდებით ”მაესტროს” ალტერნატიული ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავდა.