საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ დანაშაული არის ის, რაც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როცა ხელისუფლების პოლიტიკა იყო მოსმენები, თვალთვალი და ამით ადამიანების შანტაჟი.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მსოფლიოში მოდებული სენია; ამაზე მუშაობს ყვითელი პრესა და ამით დიდი ფული კეთდება.
"ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი. ჩვენს შემთხვევაში რეალური დანაშაული არის ის, რაც ხდებოდა ცხრა წლის მანძილზე, როცა ხელისუფლების პოლიტიკა იყო მოსმენები, თვალთვალი, პირადი ცხოვრების გადაღება. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს საუბრობენ ტერორზე, რომლებისგანაც თავის დროზე, ეს სიტყვა არ გამიგია. თუნდაც მაშინ, როდესაც ჩვენი პარტიის ,,საქართველოს გზის“ ოფისში აღმოვაჩინეთ მოსასმენი აპარატურა. მაშინ არც სხვა პოლიტიკური ძალისგან და არც ჟურნალისტისგან მომისმენია შეშფოთება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მას უზნეობად მიაჩნია დღევანდელი სიტუაციის გაიგივება ტერორიზმთან, როცა ეს არ გაკეთდა ცხრა წლის მანძილზე და როცა მეზობელ ქვეყანაში ნამდვილი ტერორიზმი ხდება.
"პრეზიდენტის განცხადებაც საერთოდ არაადეკვატურია, ამაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ წინა ხელისუფლების ასეთი დესტრუქციული ქმედებები არ იქნა ბოლომდე გამოძიებული და გაშიფრული. აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ჩანაწერები ბოლომდე განადგურდა“, - აცხადებს ზურაბიშვილი და არ უშვებს იმ აზრს, ფარული ჩანაწერები შეიძლება გაკეთებული იყოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში.