საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი, მზად არის მთავრობასთან საქმიან რეჟიმში ითანამშრომლოს.
"პირველ პრესკლუბში" სტუმრობისას სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა შესაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელლისუფლების მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ ის ხარვეზები, რაც ბოლო წლების მანძილზე არსებობდა, გამოსწორდეს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის გუნდში, თუ ის დამოუკიდებლად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ყველაფერი შესაძლებელია.
"ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ყველაფერი შესაძლებელია, თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქმის კეთებასთან. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას სჭირდება, საქმე გაკეთდეს. საქმიანი თანამშრომლობისთვის ყოველთვის ვიყავი და ვარ მზად. არ მგონია, საქმის კეთებისთვის საჭირო იყოს რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა. ეს არის ვიწრო და მოძველებული შეხედულება. დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, არის მცდელობა იმისა, რომ ის ხარვეზები, რაც ბოლო წლების მანძილზე არსებობდა, გამოსწორდეს. რამდენად შეძლებს ამას, სანახავია, მაგრამ დადებითი მუხტი არსებობს. ჩვენი - პოლიტიკოსების და საზოგადოების მხრიდანაც უნდა იყოს იგივე დადებითი განწყობა. როცა გაჩნდა ეს დადებითი მუხტი, სამწუხაროდ, ამის პარალელურად გაჩნდა არეულობის მცდელობები, რაც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთ სტრატეგიას წარმოადგენს - ქვეყანაში აქტუალურობა დაიტოვოს. იმ ძალას მეტი შემოთავაზება არ გააჩნია, გარდა არეულობისა და მუდმივად ისეთ რეჟიმში ყოფნისა, რომ ხვალ და ზედ ქვეყანა აირიოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.