დაცვის მხარე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

დაცვის მხარე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატის, ნანა ფილაურის განცხადებით, დაცვის მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

როგორც ფილაურმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ირაკლი ფხალაძე თავს დამნაშავედ არ თვლის.

"საქმეში არსებული დოკუმენტები გუშინ ღამით გადმომეცა. თვალის გადავლება მოვასწარი, თუმცა საქმეზე სრული წარმოდგენა ვერ შემექმნა.

სავარაუდოდ, პროკურატურა შემოდის მათთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ხოლო ჩვენ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოვითხოვთ", - განაცხადა ფილაურმა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქმეზე უფრო დასაბუთებული იქნება, ვიდრე ბრალდების.

ნანა ფილაური სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაში დარწმუნებულია.

თავის მხრივ, გირაოს შეფარდებას მოითხოვს კიდევ ერთი დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატიც.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. პროკურატურა სასამართლოს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.