ჯონ კერი მომავალ კვირას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ჯონ კერი მომავალ კვირას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მომავალ კვირას რუსეთში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს.

გავრცელებული ცნობით, მათი შეხვედრის თემა სირიის საკითხი იქნება. როგორც ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რუსეთის მიერ სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაპირისპირების დასრულებისთვის.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ ამ პროცესში. დღეს ამ საშინელი ომის დაწყებიდან მეხუთე წლისთავია. ჩვენ გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ დავასრულოთ ეს ომი", - აღნიშნა კერიმ.

როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსაც შეხვდება.

რუსეთმა სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანა გუშინ დაიწყო. როგორც პენტაგონი იტყობინება, არის იმის დამადასტურებელი სამხილები, რომ გუშინ სირია 10-მდე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა. რაც შეეხება სამხედროებს, მათი გაყვანის ნიშნები პენტაგონის ინფორმაციით, ჯერ არ არის. რუსეთმა სირიაში სამხედრო კამპანია გასული წლის 30 სექტემბერს დაიწყო. როგორც აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები ამტკიცებდნენ, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი სამიზნე სირიაში ამბოხებულები იყვნენ. თუმცა, მოსკოვში აცხადებენ, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძოდნენ.