თსუ-ში დღეს სტუდენტების ორი აქცია გაიმართება

თსუ-ში დღეს სტუდენტების ორი აქცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. 12.00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. 

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა წუხელ აკადემიური საბჭოს ოთახი დატოვეს. ამ დროისთვის მხოლოდ თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური შიმშილობს. როგორც საბაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მოთხოვნას, რომელიც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია - უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა.

რაც შეეხება მეორე საპროტესტო აქციას, "აუდიტორია 115"-ის წევრები აპირებენ 13.00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბონ. მათი თქმით, საპროტესტო აქცია თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს და ადგილას დანიშნეს, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული. 

"აუდიტორია 115"-ის წევრები მოითხოვენ, შეწყვიტონ თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის დაკავება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, მოხდეს თვითმმართველობის სისტემის ცვლილება, ასევე ცვლილებები შევიდეს რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის პროცესში. 

თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.